თბილისის მერიის ცნობით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულებულია. საკრებულოს ბიუჯეტის 1 მილიარდ 50 მილიონი ლარის პროექტი გაეგზავნება.
მერიისვე ცნობით, ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი 225 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო 2021 წლის იანვარში ბიუჯეტს კიდევ 50 მილიონი დაემატება, რაც ჯამში 1 მილიარდ 100 მილიონზე მეტს შეადგენს.
„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის მესამედი - 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად.
"ეს არის დაახლოებით350 მლნ ლარზე მეტი. ამ რაოდენობის თანხა არასოდეს გამოყოფილა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს შეუწყობს და დაეხმარება სწორედ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა
და მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 21 მლნ ლარით იზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამავე რაოდენობის თანხა - 350 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.